ღიმილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დამახასიათებელი რამაა ადამიანისთვის. გარშემო მყოფებისთვისაც, ხშირად სწორედ ის არის პირველი, რაც მათ ამახსოვრდებათ და თვალში ხვდებათ. თუმცა, ლამაზი ღიმილი ერთ ღამეში ნამდვილად არ მიიღწევა და მას შესაბამისი გაფრთხილება და ზრუნვაც სჭირდება. რასაკვირველია, მისი გალამაზება სპეციალური მეთოდებითაცაა შესაძლებელი, თუმცა ამის შემდეგ, ეფექტის შესანარჩუნებლად გარკვეული ძალისხმევის გაღება მაინც გვიწევს.
ლამაზი ღიმილის შენარჩუნებაზე ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ. როგორ? – ბლოგის განმავლობაში სწორედ ამ მეთოდებს გაეცნობით.
გამოიყენეთ ფლოსი (კბილის საწმენდი ძაფი) ყოველდღიურად
ფლოსის საშუალებით, შეგიძლიათ საკვები ნარჩენები ისეთი ადგილებიდან მოიცილოთ, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს. მისი ყოველდღიური მოხმარება კარიესის და გინგივიტის (ღრძილების დაავადების) გავრცელებას, მნიშვნელოვნად აფერხებს. ფლოსის სწორად გამოსაყენებლად, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს სტომატოლოგთან და დარწმუნდით, რომ ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ფლოსი თქვენთვის მიუღებელია და გარკვეულ დისკომფორტთან ასოცირდება, სცადეთ წყლის ირიგატორი. ირიგატორი პირის ღრუს გასუფთავებისთვის გამოიყენება, რისთვისაც ის წყლის ჭავლს იყენებს.
დაგეგმეთ სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ ექვს თვეში ერთხელ
რუტინული შემოწმება სტომატოლოგთან, რომელიც ექვს თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისა და პოტენციური პრობლემების ადრეული აღმოჩენისთვის. თუ თქვენი ღიმილი და ჯანმრთელობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ეს პროცედურები აუცილებლად უნდა გაიაროთ, ვინაიდან ამ პერიოდში, შესაძლოა არასწორი გასუფთავების ან არარეგულარული მოვლის პირობებში, ღრძილების დაავადება ან კარიესიც გაგივითარდეთ.
ასევე აღსანიშნავია, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობა, მთელს ორგანიზმთან არის დაკავშირებული – მათ შორის, გულის დაავადებასთან, ინფაქტთან, დიაბეტსა და ძილის აპნეასთან. ამიტომაც, აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან ექვს თვეში ერთხელ (მაშინაც კი, თუ არაფერი გაწუხებთ).
შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება
თამბაქოს მოხმარება კბილებს საგრძნობლად აზიანებს და აყვითლებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მისი ეფექტის მოშორება კბილებიდან შესაძლებელია, ის შესაძლოა ღრმად ჩაჯდეს კბილის მინანქარში და მისი გასუფთავება ვეღარ მოხერხდეს.
თამბაქოს მოხმარება ასევე აზიანებს ღრძილებსაც – შედეგად, კბილების გარშემო შესაძლოა ვრცელი ჯიბეები (თავისუფალი სივრცეები) გაჩნდეს და აქ საკვები ნარჩენები დაგროვდეს. გარდა ამისა, ის ღრძილების დაავადების მკურნალობასაც ართულებს.
შეზღუდეთ ჩაი, ყავა და წითელი ღვინო
მართალია, ეს სასმელები ჩვენთვის ერთ-ერთი უსაყვარლესია, თუმცა ჩაი, ყავა და წითელი ღვინო, სასარგებლო და რეკომენდებული კბილებისთვის, ნამდვილად არ არის. თამბაქოს მოხმარების მსგავსად, მათაც შეუძლიათ კბილების გაყვითლება.
საბედნიეროდ, მსგავსი სასმელების „საწრუპით“ მიღებამ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა (მაგალითად, სიყვითლე) და კარიესის გაჩენის რისკებიც, მცირედით შეამციროს. ასევე გამოსადეგი იქნება პირის ღრუში წყლის ხშირი გამოვლება, რაც შავი ნარჩენების/ნაწილაკების კბილზე მოდებას შეუშლის ხელს.
შეიძინეთ ხარისხიანი კბილის ჯაგრისი
ხარისხიანი ელექტრო ჯაგრისები გაცილებით ეფექტურად აშორებს კბილის ნადებს, ვიდრე მანუალური, ხელის ჯაგრისები. გარდა ამისა, ბევრი ჯაგრისი უკვე მგრძნობელობისა და გათეთრების მახასიათებლებითაც არის დაყოფილი. გასათვალისწინებელია, რომ ელექტრო ჯაგრისის თავები აუცილებლად უნდა შეიცვალოს პერიოდულად.
თუ უპირატესობას მანუალურ ჯაგრისს ანიჭებთ, მაშინ აუცილებლად შეარჩიეთ ხარისხიანი და რბილი, ნაზი ჯაგრისი. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო სიხისტის და მყარი ჯაგრისები საკმაოდ გავრცელებულია ბაზარზე, უხეშმა ჯაგრისმა და კბილების აგრესიულმა გასუფთავებამ, შესაძლოა ღრძილები დააზიანოს და კბილის მინანქარიც გაცვითოს.
მიიღეთ დიდი ოდენობით წყალი
თქვენი ღიმილისა და ორგანიზმისთვის, წყალი ყველაზე უვნებელი და ჯანსაღი სასმელია. ის კბილების გასუფთავებას და კარიესის შემცირებასაც უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ წყლის შემცველობაში ფტორის მოცულობაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან მისი სათანადო ოდენობა, კბილების ჯანმრთელობას საგრძნობლად უწყობს ხელს.
ასევე გირჩევთ, რომ მოერიდოთ მჟავების და შაქრის შემცველ სასმელებს, რადგან მათ საგრძნობლად შეუძლიათ გაზარდონ კარიესის განვითარების რისკები. ეს განსაკუთრებით სპორტსმენებს ეხებათ, ვინაიდან მათ ხშირად უწევთ სპორტული სასმელების, ენერგეტიკული და გამაჯანსაღებელი სასმელების მიღება.
აქტიურად იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე
კბილის ღრუს ჯანმრთელობა, მხოლოდ ღრძიელბით და კბილებით არ შემოიფარგლება. სისხლის მაღალი წნევა, დიაბეტი, ჭარბი წონა, ბრუქსიზმი (კბილების „კრაჭუნი“) – ეს ის ფაქტორებია, რომლებსაც თქვენს ღიმილზე და მის სილამაზეზე გავლენის მოხდენა შეუძლია. როდესაც ორგანიზმი ერთ რამეს ებრძვის, მეორეს განკურნება გაცილებით რთული ხდება.
სიმპტომების დაფარვის და უგულვებელყოფის ნაცვლად, სჯობს პრევენციულ ზომებს მიმართოთ და საკუთარი ცხოვრების სტილი გააუმჯობესოთ. მაგალითად, ჯანსაღი კვება და აქტიური ვარჯიში, ფიტნესი, საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენი ორგანიზმის, სხეულის, კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას.
დროულად იმკურნალეთ
სტომატოლოგიური დაავადებები თავისით ნამდვილად არ ინკურნება. ძალიან მცირედი კარიესიც კი, რომელიც უყურადღებოდ იქნება დატოვებული, შესაძლოა კბილის საკმაოდ სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს და მისი დაშლაც განაპირობოს. შესაძლოა, დასაწყისში, მცირედი სამუშაო (კარიესის მოშორება) იყოს საჭირო, თუმცა უყურადღებობის გამო, შესაძლოა ფესვების მკურნალობისა და გვირგვინის საჭიროებაც გაჩნდეს. ეს კი, რასაკვირველია, დამატებით ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული.
გამოიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ
და ბოლოს, კბილები აუცილებლად გაისუფთავეთ დღეში ორჯერ. ამის საჭიროება და აუცილებლობა, ალბათ, ყველასათვის ცნობილია, თუმცა შეხსენება ნამდვილად არ გვაწყენს. მუდმივი გასუფთავება, კბილების სითეთრის და სიჯანსაღის შენარჩუნებაში გვეხმარება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ისუფთავებთ კბილებს. მაგალითად, ჯაგრისის დახრის კუთხე ღრძილების მიმართ 45 გრადუსი უნდა იყოს. არ არის საჭირო ძლიერი და აგრესიული ზეწოლა კბილებზე, პირიქით, ეს ღრძილებს და კბილებს დააზიანებს. რბილად, ნაზად გაისუფთავეთ თითოეული კბილი, წრიული მოძრაობებით. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ რომელიმე ზედაპირს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ყველაფერს, სულ მცირე 2 წუთი მაინც უნდა დაუთმოთ.
ღიმილის სილამაზისა და სიჯანსაღის შენარჩუნება, როგორც მიხვდით, მარტივი და სწრაფი პროცესი ნამდვილად არ არის და მას მუდმივი ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. იმისათვის, რომ თქვენი შედეგი გრძელვადიანი იყოს, ეცადეთ, რომ ეს ქცევები, ჩვევებად გადააქციოთ და ყოველდღიურობის უცვლელ ნაწილად აქციოთ.